суббота, 19 декабря 2009 г.

ტოლერანტობა (ინგლ.: Tolerance) — თანამედროვე პოლიტიკური ტერმინი, რომელიც სოციალურ, კულტურულ და რელიგიურ კონტექსტში დებატებისას გამოიყენება, როგორც დისკრიმინაციის ერთგვარი ანტითეზისი. ტერმინს ხშირად უცხო რელიგიურ მრწამსთან მიმართებაში იყენებენ, ისევე როგორც ზოგიერთ უფრო ვიწრო კატეგორიებზე, როგორიცაა დისკრიმინაცია არატრადიციული სექსუალური და სოციალური ორიენტაციისადმი.

,,ტოლერანტობის პრიციპების დეკლარაციის” თანახმად (ხელმოწერილია 1995 წლის 16 ნოემბერს პარიზში იუნესკოს წევრი 185 სახელმწიფოს მიერ), ტოლერანტობა ,,მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება. ტოლერანტობა - ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში. ეს არის არამარტო მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნილებაც. ტოლერანტობა - სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას და ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას ეხმარება.” ტერმინის ,,ტოლერანტია” (ლათ.) სემანტიკაში ერთმანეთს კვეთს სამი შინაარსი: 1. მდგრადობა, ამტანობა 2. შემწყნარებლობა; 3. დაშვება, დასაშვები გადახრა. განსაკუთრებით საინტერესო ტოლერანცე-ს (ინგლ.) მნიშვნელობათა სპექტრია, რომელიც ინგლისურ-რუსულ ფსიქოლოგიურ ლექსიკონში გვხდება: შეძენილი მდგრადობა; გაურკვევლის, უცნობის მიმართ მდგრადობა; კონფლიქტის წინაშე მდგრადობა; მდგრადობა ქცევითი გადახრისადმი. ეს განსაზღვრებები გულისხმობს განსხვავებული ნაციონალობის, რასის, კანის ფერის, სქესის, ასაკის, ინვალიდობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვაგვარი შეხედულების, სოციალური ან ეთნიკური წარმომავლობის, საკუთრების და ზოგადად სხვის მიმართ დამთმენ დამოკიდებულებას. გაუმართლებელი იქნებოდა ტოლერანტობის მხოლოდ პასიურ შემწყნარებლობამდე დაყვანა, ვინაიდან ტოლერანტობა - ეს არის კულტურებში, რელიგიებსა და ანთროპოლოგიურ ტიპებში გამოხატული მსოფლიოს მრავალფეროვნებით გამოწვეული სიყვარული. აქ მხოლოდ ერთი შეზღუდვა არსებობს: აუცილებელია, მრავალფეროვნებამ არ გადალახოს ჰუმანიზმის საყოველთაო ნორმის საზღვარი, რომელიც კაცობრიობის ერთგვარი კონსესუსია ამ უკანასკნელთან დაკავშირებით. ტოლერანტობა გულისხმობს კომპრომისს, მაგრამ არა - უპრინციპობას, ანუ როგორც ნეტარი ავგუსტინე იტყოდა: მთავარში - ერთობა, საკამათოში - თავისუფლება, ყველაფერში - სიყვარული”.XVI საუკუნეში ლათინურ და ფრანგულენოვან ლიტერატურაში დამკვიდრდა და კონფესიურ განხეთქილებას დაუკავშირდა. ამ კონტექსტში მან, უპირველეს ყოვლისა, სხვა რელიგიურ აღმსარებლობათა მიმართ შემწყნარებლობის ვიწრო მნიშვნელობა შეიძინა. XVI-XV საუკუნეებში რელიგიური ტოლერანტობა უკვე სამართლებრივ ცნებად გვევლინება. მთავრობები გამოსცემენ ტოლერანტულ აქტებს, რომელიც სახელმწიფო მოხელეებსა და მართლმორწმუნე მოსახლეობას რელიგიურ უმცირესობებთან: ლუთერანებთან, ჰუგენოტებთან, პაპისტებთან მიმართებაში ტოლერანტულ ქცევას აკისრებს.განსხვავებული რწმენის ადამიანებისა და მათი პრაქტიკის ადმინისტრაციული ფორმით შეწყნარების სამართლებრივი აქტები დღემდე განსაზღვრავენ ტოლერანტული დამოკიდებულების მოთხოვნას ჩაგრული და დევნილი რელიგიური გაერთიანებების წევრების მიმართ. ინგლისური ენა უფრო მკაფიოდ განასხვავებს ტოლერანტობას (,,tolerance“), როგორც ქცევის ნორმასა თუ სიკეთეს და ტოლერანტობას (,,toletation“), როგორც სამართლებრივ აქტს, ვიდრე გერმანული ენა.

ცნება, გაგებული როგორც მაორგანიზებელი განწყობა და მისწრაფება, მრავალპლანიანია. თავის სათავეს ის XVI-XVIII საუკუნეების რელიგიური შემწყნარებლობის პრაქტიკიდან იღებს, როცა მისი მეშვეობით მშვიდობა ნარჩუნდებოდა და ის კონფესიებს შორის მხოლოდ განყენებულ, დამთმენ, ამტან დამოკიდებულებას გულისხმობდა. მაგრამ ოდითგანვე არსებობს განსხვავებათა მიღების კიდევ უფრო ღრმა და არსებითი ფორმები. დათმენის, ატანის შემდეგ მეორე შესაძლო პოზიცია პასიურობა, განსხვავებულისადმი კეთილგანწყობილი განურჩევლობაა: „დაე, აყვავდეს ყველა ყვავილი“. მესამე მიმართება ერთგვარად მორალური სტოიციზმიდან გამომდინარეობს და პრინციპულად აღიარებს, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები მაშინაც კი, როცა მათ მიერ ამ უფლებების გამოყენების ფორმა აღშფოთებას იწვევს. ტოლერანტობის გამოვლენის შემდეგი ვარიანტი განსხვავებულის მიმართ ღიაობას, დაინტერესებას, პატივისცემას, სხვისგან სწავლისა და მისი ყურისგდების სურვილს უკავშირდება. და ბოლოს, სხვაგვარის მიმართ აღტაცებული დამოკიდებულება, მისი ესთეტიკური აღიარება, რომლითაც განსხვავებები სამყაროს კულტურულ ხატად არის აღქმული, ტოლერანტობის ყველაზე განვითარებულ სახეს წარმოადგენს. უფრო პრაგმატულად კი ეს მულტიკულტურალიზმის, როგორც კაცობრიობის განვითარების ერთერთი მთავარი პირობის, ფუნქციონალური აღიარებაა. ამგვარი ხედვით ყველას ენიჭება არჩევანის თავისუფლება, მთელი თავისი სისავსით, რადგან არჩევანის თავისუფლება პიროვნების ავტონომიურობის არსს წარმოადგენს.